Friday, August 30, 2013

ნინო ჩაკვეტაძის ნახატები.

ფოტოებს რომ ათვალიერებ და რაღაც სევდანარევი სითბოთი გევსება გული, გულწრფელი ღიმილის გამომწვევი ერთი შეხედვით ბავშვური ნახატები...

















Wednesday, August 28, 2013

ახალი ათონი



მე ვარ მტირალა სტალაქტიტი,
შენ – სტალაგმიტი,
ასე წვეთ–წვეთად რომ მივიწევთ ერთმანეთისკენ.
ოდესმე, ალბათ, სლიპინა სვეტზე გადატყდება ყოველი ჩქამი.
უკუნი ღამეც, ასე დიდხანს რომ გვეცვა ტანზე, გაიცრიცება.
აფრიან გემებს გადასწვდება ტკბილი \"ვარადა\"...
ასე მეგონა, ერთად ყოფნას (ჩემსას და შენსას)
მღვიმე თუ არა,
ღმერთი მაინც დაიფარავდა.

Saturday, August 24, 2013

დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას –
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს –
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ – რატომღაც ჩურჩულით –
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილი
მინდოდა–
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებ
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი – უღვთოდ გაყიდული –
დაცინვით რომ იცდის – თავს როგორ იმართლებ
ისე – დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა – მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს –
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი –
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი – მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი –
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ –
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასეთი უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ.

                     ზვიად რატიანი

Saturday, April 20, 2013

ქართული პალეოგრაფიის წყაროები, ეპიგრაფიკული ძეგლები (ბოლნისის სიონის წარწერები)


                                          
   ვირჯილიო კორბოს ექსპედიციის მიერ მე-V საუკუნის პირველი ნახევრის ორი წარწერის აღმოჩენამდე უძველეს ქართულ წერილობით ძეგლად ითვლებოდა ბოლნისის სიონის წარწერები.

      ბოლნისის წარწერათა შორის ყურადღებას იქცევს ოთხი უძველესი. ერთ–ერთი მათგანი, მოთავსებული ჩრდილო შესავლის წირთხლის ქვაზე, ასე იკითხება: (შეწევ)ნითაქრისტჱსითა ფარნ(ევან) და აზარუხტ, შეხუაბთ (სე) კარი სალოცველად სულთა ჩუენთათვის.
     ეს წარწერა 1838 წელს გამოაქვეყნა მარი ბროსემ. წარწერა იმ მხრივაც იქცევს ყურადღებას, რომ იგი ხანმეტურ ზმნურ ფორმას წარმოგვიდგენს – შეხუაბთ (–„შევაბით“). თავისთავად ეს ფაქტი, აგრეთვე წარწერის ასოთა მოხაზულობა იძლევა საშუალებას იგი მიეკუთვნოს მე-V საუკუნის მიწურულს .
          1838 წელს გამოაქვეყნა მარი ბროსემ სხვა მრავალმხრივ საყურადღებო წარწერა, რომელშიც დავით ეპისკოპოსია ნახსენები: 
 ქრისტე, დავით ეპისკოპოსი კრებულითურთ და ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თავყანისმცემელნი შეიწყალენ და (მშრომე)ლთა ამას ეკლესიასა შინა შეეწიე.   იი.
         როგორც ვხედავთ, ეს წარწერაც ხანმეტია (შეხეწიე – „დაეხმარე“). ამ წარწერას ივანე ჯავახიშვილი 506 წლის ახლო დროით ათარიღებდა.
      1937 წელს კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტმა ბოლნისის სიონში ჩაატარა სარესტვრაციო სამუშაოები; მაშინ აღმოჩნდა ქართული ეპიგრაფიკის ბრწინვალე ძეგლი,  მოზრდილი წარწერა, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საბუთს სონის მშენებლობის დათარიღებისათვის. სამწუხაროდ, წარწერას აკლია თითქმის ნახევარი. მას ასე კითხულობენ: (შეწევნითა წმიდისა სამებისათა ოც წლისაპეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყება) ამის ეკლესიასა და ათხუთმეტ წლისა (შემდგომად განხეშორა. ვი)ნ აქა შინა თაყანისხცეს, ღმერთმან შეიწყალენ და ვინ ამის ეკლესიასა დ(ავითი) ეპისკოპოსსა ხულოცოც, იგიცა ღმერთმან შეიწყალენ.
   წარწერა ხანმეტია და პალეოგრადიულადაც ემსგავსება ზემოთ ნახსენებ ორ წარწერას. აკაკი შანიძემ მიუთითა, რომ წარწერის მიხედვით, ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ 478 წელს, პეროზის (458 – 484 წწ) გამეფებიდან მეოცე წელს, და დაუსრულებიათ 493 წელს.  ამდენად,  მისი აზრით, ეს წარწერა ამოკვეთილია 493 – 494 წლებში. მე-V საუკუნით თარიღდება ზემოთ ნახსენები ორი წარწერაც.
  ბოლნისის სიონში აღმოჩენილია კიდევ ერთი უძველესი წარწერა : ჩორან, ქრისტე შეიწყალე ცოლ–შვილითურთ.
  ლევან მუსხელიშვილის აზრით, წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ძველია. მკვლევარი მას მე-VI –მე– VI I საუკუნეებით ათარიღებს.
    მაშავერის ხეობაში, უანგორო ეკლესიის გარშემო მდებარე სასაფლაოს ეზოში ლ. მუსხელიშვილმა მიაგნო წარწერიან ჯვრის კვარცხლბეკს. წარწერა ხანმეტია:  ქრისტე, პეტრს ხუსობას(ა) მე, ტათვარაზ, აღხუმ(ა)რთე ესე ჯუარი სახე(ლითა) ღმრთისა(თა), შეწევნითა იმ...
 აღხუმართე ნიშნავს „აღვმართე“.
წარწერა ლევან  მუსხელიშვილის აზრით,  მე-VI საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.

Friday, April 19, 2013

ქართული პალეოგრაფიის წყაროები, ეპიგრაფიკული ძეგლები (პალესტინის წარწერები)


ქართული პალეოგრაფიის წყაროები არის ის წარწერები და უძველესი ხელნაწერები, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ;  
  ცნობილმა იტალიელმა მეცნიერმა ვირჯილიო კორბომ 1952 – 53 წლებში პალესტინაში, იუდას უდაბნოში ქართული მონასტრის გათხრისას აღმოაჩინა სამი ქართული წარწერა. ამ სამიდან ორი მე – V საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება, ამდენად, კორბოს მიერ აღმოჩენილი წარწერები უძველესია დღემდე ცნობილ წარწერათა შორის. ამ ძეგლის შესახებ 1953 წელს კორბომ და მიქელ თარხნიშვილმა „ლა ტერრა სანტა“ – ში გამოაქვეყნეს სტატია, ხოლო 1954 წელს ჟურნალში „ბედი ქართლისა“ დაიბეჭდა თარხნიშვილის შრომა,  „ახლად აღმოჩენილი ქართული მონასტერი ბეთლემში“ ფრანგულ ენაზე.  

  1955 წელს იერუსალიმში დაიბეჭდა კორბოს წიგნი – გათხრები სიარ ალ–ღანამში (მწყემსთა ველი) და უახლოესი მონასტერი. ნაშრომის მერვე თავი მთლიანად ეძღვნება წმინდა თეოდორეს სახელობის ქართულ მონასტერს, ხოლო ამ თავის მესამე პარაგრაფი არის მიქელ თარხნიშვილის გამოკვლევა ქართული წარწერების შესახებ. თარხნიშვილმა ეს წარწერები ამოიკითხა, თარგმნა ლათინურად, დაურთო კომენტარები და ა.შ.
I  წარწერა:   „და ძუძეულნი მათნი ბაკურ და გრიომიზდ და ნაშობნი მათნი ქრისტე შეიწყალე ამენ“.
I I წარწერა: „წმიდაო თეოდორე, მარუან და ბურზენ შეიწყალენ, ამენ“.
ძველი წარწერების დათარიღება არის ძალიან რთული. უპირველესად თარხნიშვილმა გაითვალისწინა პალეოგრაფიული ნიშნები და ეს წარწერა დაათარიღა მე – V I საუკუნით. მაგრამ გამოთქვა უაღრესად საინტერესო მოსაზრება წარწერაში მოხსენებული ისტორიული პირების მარუან და ბურზენის შესახებ.
ეს სახელები ოდნავ განსხვავებული ფორმით ცნობილი იყო საქართველოში. პეტრე იბერიელის ქართული ცხოვრების მიხედვით, მისი ერობის სახელი იყო მურვანოსი და მის მამას ბუზმირი ერქვა.  

   შალვა ნუცუბიძემ 1959 წელს ჟურნალში „მნათობი“  ( 1), დაბეჭდა ნაშრომი „პალესტინის ახალი გათხრები და ქართული კულტურის საკითხები“, რომელშიც უდავოდ მიიჩნია, რომ ბეთლემის წარწერაში მოხსენებული მურვანოსი პეტრე იბერიელის ერობის სახელია. მისი აზრით, წარწერა მე – V საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს.
  სიმონ ყაუხჩიშვილი ავითარებს (და რამდენადმე ცვლის) მიქელ ტარხნიშვილის აზრს. იგი მიუთითებს, რომ ბეთლემის ქართული წარწერების მარუან არის პეტრე იბერიელის სახელი, ბუზმირ – პეტრეს მამისა, ხოლობაკურ – პატრე იბერის დედისა.
 გიორგი წერეთლის აზრით, წმიდა თეოდორეს სახელობის მონასტერი პეტრე იბერიელმა ააგო მე – V საუკუნის 30–იან წლებში. მანვე შეამკო „იგი ქართული წარწერებით, სადაც თვით მისი, მისი მამისა და პაპის სახელებია მოხსენებული“ (იქვე).  გიორგი წერეთელი დაასკვნის: „ ეს წარწერები არიან უძველესი დღემდე ცნობილ ყველაზე ძველ ქართულ წარწერათა შორის. ვინაიდან ნახევარი საუკუნით მაინც უსწრებენ დღემდე ყველაზე ძველად მიჩნეულ ბოლნისის წარწერებს“.
ბეთლემის მონასტრის ქართულ წარწერათა გ. წერეთლისეულ დატარირებას ზოგი არსებითი ხასიათის დაბრკოლება ეღობება. კერძოდ, წარწერაში  მოხსენიებულ მარუან–ს უკავშირებენ მურვანოსს. რომ არაფერი ვთქვათ ფორმალურ (გარეგნულ) სხვაობაზე, ძნელად დასაშვებია, პეტრეს (ბერს, სასულიერო პირს) წარწერაში თავი საერო სახელით მოეხსენებინა.
  მიუთითებენ იმის შესახებაც, რომ პეტრე იბერიელი პალესტინაში მოგვიანებით, 437 – 438 წლებში ჩავიდა და არა 429 ან 43 წელს (იხ. Paul devos, Quand Pierre L’Iberre vint-il lerusalem, გვ. 337 – 350).
  ამდენად, დებულება იმის შესახებ, რომ ბეთლემის მონასტრის წარწერაში მოხსენიებული მარუანი პეტრე იბერია, დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება.

   კორბოს ექსპედიციამ მესამე წარწერაც იპოვა; ბეთლემის მონასტრის სასადილოს მოზაიკურ იატაკზე მოთავსებულია შემდეგი წარწერა:
1.      შეწევნითა ქ~სითა და მ–
2.      ეოხებითა წმიდისა თ~ესითა
3.      შ~ნ ანტონი აბა და ოისია მო–
4.      მსხმელი ამის სეფისა და მა–
5.      მადედა ოისიასი ამენ, ანუ:

  „შეწევნითა ქრისტჱსითა და მეოხებითა წმიდისა თეოდორეჲსითა შეიწყალენ ანტონი აბაჲ და ოსია, მომსხმელი ამის სეფისაჲ,  და მამა-დედაჲ ოსიაჲსი,  ამენ (ეს ნიშნავს: ქრისტეს დახმარებითა და წმიდა თეოდორეს შუამდგომლობით შეწყალებულ იქნეს ანტონი მამა (წინამძღოლი) და იოსია, ამ მოზაიკის მომხსმელი და იოსიას მშობლები).
 „იქელ თარხნიშვილის გამოკვლევით, აბა (წინამძღოლი) ანტონ ქართველი ცნობილია სვიმეონ მესვეტის დედის წმიდა მართას ცხოვრებიდან.
  „მისი  შედგენის თარიღია მე – VI საუკუნის მეორე მეოთხედი, სახელდობრ, 532 – 552 წლები“ – წერს გიორგი წერეთელი.

Saturday, December 10, 2011

ლეონარდო და ვინჩი. შემოქმედება.საიდუმლო სერობა.

რენესანსული იტალიის ცენტრს ფლორენცია წარმოადგენდა,სადაც ყველაფერი ხელოვნებით სუნთქავდა. აქ თავს იყრიდნენ რენესანსის სახელმოხვეჭილი ოსტატები. ფლორენციის თავისებური მხატვრული ცენტრი იყო მოქანდაკის, ოქრომჭედლისა და ფერმწერის ანდრეა ვეროკიოს სახელოსნო.
სწორედ აქ, 1467 წელს, მოიყვანა თავისი 15 წლის ვაჟი ლეონარდო მპატარა ქალაქ ვინჩის მკვიდრმა, ნოტარიუსმა პიეტრო და ვინჩიმ. ლეონარდომ მყისვე მიიპყრო ყურადღება და შემთხვევითი არ იყო, რომ მას მიანდო ვეროკიომ ანგელოზის ფიგურის შესრულება თავის სურათზე "ნათლისღება". ლეონარდოს ოქროსთმიან ანგელოზში იმდენი კეთილშობილება და პოეტურობა გამოსჭვიოდა,რომ ყველასატვის ცხადი გახდა-მოსწავლემ აჯობა სახელმოხვეჭილ ოსტატს. გადმოცემით, ამის შემდეგ, შეგირდის მიერ დამარცხებულმა ვეროკიომ გადაწყვიტა თავი მიენებებინა ფერწერისათვის.
რელიგიის მიმართ სრულიად გულგრილი ლეონარდო რელიგიურ სიუჟეტებს იყენებს საბაბად ფორმალური ექსპერიმენტებისათვის, ახალი მხატვრული ამოცანის გადასაწყვეტად.
მე-XV საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ოცდაათი წლის ლეონარდო ტოვებს ფლორენციას და დიდი ხნით მკვიდრდება მილანში.
ლეონარდო და ვინჩის მილანში მოღვაწეობის პერიოდი(1482-1499) არაჩვეულებრივად ნაყოფიერი იყო. იგი ბევრს მუშაობს ჰერცოგის კარზე და,ამავე დროს,ასრულებს უამრავ შეკვეთას.
წმინდა ფრანცისკოს ეკლესიისთვის მან შექმნა "მადონა მღვიმეში", სურათი, სადაც მისმა ფერწერულმა ნიჭმა სრულ სიმწიფეს მიაღწია. ამ სურათში ლეონარდომ სრულყო თავისი ბრწყინვალე ფერწერული ოსტატობა.
პირამიდულად აგებული ოთხფიგურიანი ჯგუფი ურბილესი შუქ-ჩრდილით არის გაერთიანებული. ეს არის ლეონარდოს სახელგანთქმული-"სფუმატო"(იტალ-რბილი,ბუნდოვანი), რომელიც მისი ფერწერის მთავარ საშუალებად იქცევა. შუქ-ჩრდილი მის სურათებში არა მარტო ძერწავს ფორმებს, არამედ ქმნის ფიგურათა გარშემო ჰაეროვანი სივრცის ილუზიას.
ამ დროს მიიღო ლეონარდომ ახალი შეკვეთა დომინიკელი ბერთაგან. ისინი სთხოვდნენ მხატვარს შეესრულებინა "საიდუმლო სერობის" დიდი ფრესკა სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოში. გუტურ სტილში აგებული ეს მონასტერი ლოდოვიკო მარომ განაახლებინა სახელგანთქმულ ხუროთმოძღვარს-ბრამანტეს (1492),დაიწყო სატრაპეზოს ინტერიერის გარდაქმნა.
1495 წელს ლომბარდიელმა მხატვარმა ჯოვანი დონატო მონტორფანომ სატრაპეზოს ერთ კედელზე შეასრულა "ჯვარცმის" დიდი ფრესკული კომპოზიცია.ამავე წელს შეუდგა ლეონარდო სატრაპეზოს მეორე კედელზე "საიდუმლო სერობის" მოხატვას. ეს სამუშაო 1498 წელს დამთავრდა.
ნამდვილი ფრესკული მხატვრობა სრულდებოდა წყალში გახსნილი სარებავებით სველ ბათქაშზე.ლეონარდომ კი ახლებური ხერხი იხმარა, გამოიყენა ტემპერისა და ზეთის საღებავების ნარევი, ზეთის საღებავების გამოყენება ფერის მეტი ნაირგვარობის მიღწევის საშუალებას იძლეოდა,მაგრამ მხატვარმა ვერ გაითვალისწინა ტექნიკური სიახლის მომავალი შედეგები.
ფრესკის დამთავრებიდან ათეული წელიც კი არ იყო გასული, რომ "საიდუმლო სერობის" საღებავმა დაშლა დაიწყო. XVII ს-ში სატრაპეზოს იმ კედელში,რომელზეც შესრულებული იყო ეს დიდებული კომპოზიცია,გაჭრეს კარი,რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფერწერა. მხატვრობას აზიანებდა სატრაპეზოსთან არსებული სამზარეულოს ოხშივარიც. შემდეგში აქ თივის საწყობიც კი იყო მოთავსებული.ამას უნდა დაემატოს უხეირო რესტავრაციები,რომლებიც ხელს უწყობდა ფერადოვანი ფენის პირვანდელი სახის დაკარგვას.
მე-XX საუკუნემ საშინელი ლახვარი ჩასცა ლეონარდოს შედევრს.მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს სამონასტრო ეზოში აფეთქდა ყუმბარა, აფეთქების ტალღამ დაანგრია სატრაპეზოს კედლები,გამოანგრია კამარები.სასწაულებრივ გადარჩა კედელი,რომელზეც "საიდუმლო სერობა" იყო მოთავსებული.
სატრაპეზოსთვის შერჩეული ფრესკის სიუჟეტი სახარებიდან არის აღებული. "საიდუმლო სერობა“-ეს იყო იესო ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზი თავის ერთგულ მოწაფეებთან,თორმეტ მოციქულთან ერთად.
სადღესასწაულო ტრაპეზის დროს,რომელიც მოეწყო ქრისტეს მიერ მითითებულ სახლში,ქრისტემ იწინასწარმეტყველა,რომ ერთ-ერთი მოწაფე გასცემს მას. ლეონარდომ გაითვალისწინა სატრაპეზოს არქიტექტურისა და ინტერიერის განათების თავისებურება. მხედველობაში მიიღება ისიც, რომ ფრესკის მოპირდაპირე მხარეს მონასტრის წინამძღვრის მაგიდა იდგა.
ლეონარდომ სცენა ააგო კედლის სიბრტყის პარალელურად. მაგიდის ზუსტი ჰორიზონტალი იმეორებდა სატრაპეზოს ინტერიერის მთავარ დამახასიათებელ დეტალებს.
„საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია კედლის მთელ სიგრძეს იკავებს და განლაგებულია იატაკიდან ორი მეტრის სიმაღლეზე.ფიგურები დიდი მაშტაბისაა, თითქმის ორჯერ მეტი ადამიანის ნატურალურ ზომასთან შედარებით. ასეთი მაშტაბების გამო ფრესკა გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლეონარდოს მთავარი ამოცანა იყო ზუსტად გადმოეცა ყოველი მონაწილის რეაქცია მასწავლებლის სიტყვებზე („ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“).
ყოველი პერსონაჟი რთულ ფსიქოლოგიურ განწყობილებას ავლენს. მხატვარს გადმოცემული აქვს ხასიათებისა და ტემპერამენტის უნატიფესი ნიუანსები. ყოველი მოციქული მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალობაა, მათი ხელები მეტყველებენ,მათ დამახასიათებელ მოძრაობაში ყოველი ადამიანის სულის ანარეკლია.
ყველაზე ენერგიულად და უშუალოდ რეაგირებენ მასწავლებლის სიტყებზე ქრისტესგან მარცხნივ მჯდომი მოციქულები.ეს ყველაზე აღელვებული და ექსპრესიული სამეულია. ახალგაზრდა ფილიპე ზეწამოჭრილია და თითქოს ეკითხება მასწავლებელს: „ნუთუ ეს მე ვარ უფალო?“(მათეს სახარება.26.22).იაკობ უფროსი შეძრწუნებული გაწეულა და შეშფოთებულად გაუშლია ხელები, თომას ზეაღუმართავს ხელი და თითქოს გაგონილის გააზრებას ცდილობს.
სულ სხვაგვარია ქრისტესგან ხელმარჯვნივ განლაგებული ჯგუფი,რომელშიც მხატვარმა გააერთიანა ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იოანე, პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი. ეს ჯგუფი საგანგებოდ არის გამოყოფილი,უფრო დაშორებულია ქრისტესაგან და ფიგურებიც უფრო თავშეკავებულნი არიან.მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, რადგან შინაგანი დაძაბულობა აქ ყველა ჯგუფზე მეტად არის კონცენტრირებული. შეშფოთებული იუდა უკან გადაიხარა, ხელი ხარბად ჩაავლო ღალატის საფასურით, ოცდაათი ვერცხლით სავსე ქისას,იგი ზურგით არის მობრუნებული სინათლის წყაროსკენ და მისი სახე ღრმა ჩრდილშია ჩამალული.
ლეონარდომ აქ განსაკუთრებული ოსატატობით გამოიყენა კონტრასტი იუდას მახინჯ,უხეშ პროფილსა და იოანეს ნათელ, მშვენიერ სახეს შორის.
ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე (1452-1519 წწ) ლეონარდომ არც ისე ბევრი ფერწერული ნაწარმოები შექმნა. მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა.


წყარო:კიტა მაჩაბელი-''შედევრები და საუკუნეები''

Wednesday, November 30, 2011

მარკ ტვენი ("ტომ სოიერის თავგადასავლიდან" "ბებრულ მარაზმამდე")

დღეს ყველასათვის საყვარელი მწერლის მარკ ტვენის დაბადების დღეა...♥ ვის არ გვახსოვს გადარეული "ტომ სოიერი", ჩემი პირველი წიგნია და ალბათ ამიტომ არის ჩემთვის გამორჩეული...მერედა როგორ მიყვარდა ეს ჟღალთმიანი, ჭორფლიანი ბიჭი... Google-მაც თავისებურად მოგვილოცა და მესრის ღებვის სიუჟეტით გაგვახალისა
როგორც მაშინდელი ამერიკელი მწერლების უმეტესობამ, მარკ ტვენმაც ლიტერატურული მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 10-11 წლისა სტამბაში ასოთამწყობის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 17 წლისა უკვე თავისი პროვინციული ქალაქის პროვინციულ გაზეთში კორესპონდენციებს წერდა, ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, წერა-კითხვა მისი საქმე მაინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედმა და თანდაყოლილმა ნიჭმა სხვაგვარად ინება...
დედის გარდაცვალების შემდეგ მარკ ტვენი წერდა: "ბოლოს მივხვდი,რაშიც იყო დედაჩემის ძალა:მის პატარა სხეულში ძალიან დიდი გული იდო - ყველა ბედსა და უბედობას უპოვიდა ადგილს და რაც მთავარია-ცხოვრების ბოლო წუთებამდე ქვეყნად ყველაფერი აინტერესებდა და არ შეეძლო რაიმეს ნახევრად კეთება ან ნახევრად ცოდნა!"
17 წლისა პირველად "აიტანა წერამ" და ჰანიბალის ადგილობრივ გაზეთში დაიწყო პატარ-პატარა წერილების გამოქვეყნება, მაგრამ მწერლობის პირველმა "შემოტევამ" მალევე გადაუარა-"გაზრდილმა და დადინჯებულმა" გადაწყვიტა, ჟურნალისტობით ფული დაეგროვებინა,სამდინარო გემის მართვა ესწავლა და სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ამაზონის გამოსაკვლევად გამგზავრებულიყო. ამ მიზნით წავიდა ჯერ ნიუ-იორკშიდა შემდეგ-ფილადელფიაში.ის ძმასთან ერთად,აიოვაში საკუთარ გაზეთსაც კი გამოსცემდა და 22 წლისა მშობლიურ მდინარეზე, ლოცმანის შეგირდად, თანაშემწედ მოეწყო. ორ წელიწადში სამდინარო გემის "მართვის მოწმობაც" მიიღო და ამაზონზე ოცნებაც თითქოს, რეალობად იქცა, მაგრამ სემუელ კლემენსმა(მარკ ტვენი) ცხადად იგრძნო, რომ ამ დიდი მდინარის-მისისიპის გადაუხდელი ვალი ჰქონდა: ყველაფერი მან ასწავლა, ბავშვობიდან გამოზარდა და ამიტომაც ვერ მოშორდებოდა ვალის გადაუხდელად...თანაც,იმ პერიოდში სხვადასხვა გაზეთში გაგზავნილმა წერილებმა(ძირითადად სატირულმა სვეტებმა) საკმაოდ პოპულარულ ჟურნალისტად აქცია და ამაზონის ჯუნგლებიც წარსულის ოცნებად დარჩა.
სემუელ კლემენსი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მარკ ტვენი, საბოლოოდ დაუბრუნდა ჟურნალისტიკას, ხოლო მისისიპისა და სამდინარო ნაოსნობას მადლობა იმით გადაუხადა,რომ ფსევდონიმად სწორედ სანაოსნო ტერმინი აირჩია: By the maaa-ark, twain!-ასეთი საგანგაშო შეძახილი ისმოდა გემზე, როდესაც სიღრმის გაზომვისას, მანძილი გემის ძირსა და ფსკერს შორის სახიფათო - ორფუტიან ნიშნულს გასცდებოდა.
პირველი რომანი 1874 წელს, 39 წლისამ დაწერა და თანაც, სხვისი თანაავტორობით.
1876 წელს კი "ტომ სოიერის თავგადასავალი"გამოქვეყნდა!
ეს იყო ნამდვილი ფურორი - მთელმა ამერიკამ და ინგლისურენოვანმა სამყარომ, თვით კონსერვატიულმა ინგლისმაც ცამდე აიყვანა ქებით! მან ეს ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ვეებერთელა "ტვირთიც აიკიდა"-მისგან მეტს ელოდნენ!!! მელევე, ორ წელიწადში ჩაიფიქრა და დაიწყო "ჰელბერი ფინის თავგადასავალი", მაგრამ "დიდების ტვირთი" მძიმე აღმოჩნდა: წერდა და შლიდა; ხევდა და თავიდან იწყებდა; საერთოდ "ივიწყებდა", სხვა რამეს წერდა და აქვეყნებდა. ამ "სხვა რამეებმა" კი ბევრს ათქმევინა,- "ტომ სოიერი" "შემთხვევითი გასროლა" იყო, კარგი ჟურნალისტი კარგი მწერალი ვერასოდეს გახდებაო..არადა, იმ "სხვა რამეებს შორის" იყო "უფლისწული და მათხოვარი",მაგრამ მწერლისგან მხოლოდ ჭეშმარიტად გენიალურ ნამუშევარს ელოდნენ და ეს ლოდინი რვა წლის შემდეგ, ფანტასტიკური შედეგით დაგვირგვინდა" 1884 წელს "ჰელკბერი ფინის თავგადასავალი" ანუ ის ნაწარმოები გამოაქვეყნა, რომელმაც, როგორც ერთმა მაშინდელმა ევროპელმა კრიტიკოსმა დაწერა, საბოლოოდ მოუპოვა ამერიკას უფლება, რომ სრულფასოვან ქვეყნად მოიხსენიებოდეს!
მარკ ტვენმა 75 წლამდე იცოცხლა და 101 წლის წინ - 1910 წელს გარდაიცვალა.
ბოლოს, როგორც ამბობენ, "ბებრული მარაზმიც" აწუხებდა (უფრო სწორად, სხვებს აწუხებდა ამით) და თავისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდის გამოქვეყნება 100(ანუ მიმდინარე წლის ბოლოს), 150 და ზოგისაც-500 წლის შემდეგ ბრძანა, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მკითხველისთვის რა მნიშვნელობა აქვს მის წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს ბიზნესში, მის რთულ ურთიერთობას შვილთან, მეგობრებთან თუ საყვარელთან, გაუთავებელ დავას მის ქონებასა და ლიტერეტურულ მემკვიდრეობაზე?..
ჩვენთვის მთავარი და მუდმივი ერთია, - მარკ ტვენი არის მწერალი, რომლისნაირებზეც საუკუნის მერე, მისმა ქართველმა კოლეგამ თქვა: მათი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე მანამდე - წაკითხვამდე იყავი...

მარკ ტვენის "ფრაზების კონა":

"გველი რომ აკრძალული ყოფილიყო, ადამი მასაც შეჭამდა".

"ნურასოდეს გადადებ ხვალისთვის საქმეს, რომელიც ზეგ შეგიძლია გააკეთო!"

"ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის,სინდისის თავისუფლება : მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება,რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი".

"ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელ სამყაროში".

"თავის გამხნევების საუკეთესო საშუალებაა, ვინმე გაამხნევო".

"ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს".
"ხმაური არაფერს ამტკიცებს – ქათამი ისე კრიახობს, თითქოს კვერცხი კი, არა პატარა პლანეტა დაედოს".

"თქვენ გჭირდებათ მხოლოდ უვიცობა და თავდაჯერებულობა და წარმატება გარანტირებული გაქვთ".

"სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში - კარგი საზოგადოება".

"კლასიკა- ეს არის ის, რაც ყველას უნდა, რომ წაკითხული ჰქონდეს, მაგრამ არავის უნდა წაკითხვა".

"კარგი მეგობრები, კარგი წიგნები, და მძინარე სინდისი - აი, იდეალური ცხოვრება".

"ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე ან დიდი სიმდიდრე".

"ბანკირი ის ადამიანია, რომელიც სიამოვნებით გათხოვებს ქოლგას, როცა ცა მოწმენდილია და წაგართმევს იმავე ქოლგას, როცა წვიმს".

"არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა".

"ჯოჯოხეთი მართლაც ერთადერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული გაერთიანებაა მთელს სამყაროში".

"გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ".

"სჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს".

"წმინდა ძროხებისგან კარგი ჰამბურგერები გამოდის".

"პატარა წერილის დაწერისთვის დრო არ მყოფნის, ამიტომაც დიდ წერილებს ვწერ".

“გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ.”

“ნამდვილი მეგობარი შენთან არის, როცა მართალი არ ხარ. როცა მართალი ხარ ყველა შენთანაა.”

“ზოგი ამტკიცებს, ადამიანსა და ვირს შორის არავითარი განსხვავება არ არისო. რა უსამართლობაა ვირის მიმართ”.

“ყოველი ადამიანის ტყავში იმალება მონა.”

“ადამიანი სამყაროს შექმნის ბოლო დღეს შეიქმნა, როცა ღმერთი უკვე დაღლილი იყო”.

“სიბნელეში თუ საკუთარ ცოლს ქურდად მიიჩნევ და ესვრი, აუცილებლად მოკლავ, მაგრამ თუ ის მართლა ქურდია, აუცილებლად ააცილებ”

“მხოლოდ მკვდრებს აქვთ სიტყვის თავისუფლება.”

“მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ ილაპარაკონ სიმართლე”

“მოდით ისე ვიცხოვროთ რომ მესაფლავეებმაც დაიტირონ ჩვენი სიკვდილი.”

“საფრანგეთში არ არის ზამთარი, არ არის გაზაფხული და არც ზნეობა, სხვა მხრივ შესანიშნავი ქვეყანაა.”

“მესიზმრა, ყველა თავხედი უცხოელი გერმანულ სამოთხეში მომხდარიყო, გერმანულის ინჩიბინჩი არ გაეგებოდათ და ნანობდნენ, აფსუს ჯოჯოხეთში გადასვლა რომ არ შეიძლებაო."

“ზოგი გერმანული სიტყვა ისე გრძელია, რომ კაცმა შეიძლება მათ პერსპექტივაში გააყოლოს თვალი. როცა ასეთ სიტყვას გასცქერით, იგი ბოლოში რკინიგზის ლიანდაგივით ვიწროვდება.”

“დიდება კვამლია, წარმატება – შემთხვევითობა, ერთადერთი საიმედო ამქვეყნად, ის არის როცა შენთვის ხარ და კაციშვილი არ გიცნობს.”

“ჩემი გაგზავნა გადაუწყვეტიათ საზღვარგარეთ ელჩად თუ კონსულად. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ამბავი სულაც არ მხიბლავს. ღმერთია მოწმე, ისედაც საკმაოდ უხეში და ზარმაცი ვარ, თუმცა არსად არ ვყოფილვარ ამერიკის ელჩად.”

“მკითხველო, წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ იდიოტი ხართ, ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამერიკის კონგრესის წევრი … თუმცა რა, ეს ხომ გამეორება გამოვიდა”

"ლოგინი იატაკზე გამიშალეთ და გარშემო ყვავილები დამაყარეთო"...

1915 წლის გაზაფხულზე ვაჟა-ფშაველა სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა. ცოტა მოიკეთა და "სიტყვაკაზმული საზოგადოების" სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს.იმ საღამოზე დაფნის გვირგვინი მიართვეს მწერალს, რომელზეც ეწერა:"ქართული პოეზიის არწივს". ღონისძიების დასრულების შემდეგ, ვაჟას ორთაჭალის ბაღში კარგი სუფრა გაუშალეს...
მალე ისევ ლოგინად ჩაწვა.მარცხენა ფერდის არეში ტკივილი აწუხებდა. მას ცნობილი ექიმი და კრიტიკოსი-ივანე გომართელი მკურნალობდა. პოეტს პლევრიტი ჰქონდა. 5 ივნისს ვაჟას ოპერაცია გაუკეთეს და ფილტვიდან სითხე ამოუღეს. ოპერაციის შემდეგ თითქოს უკეთესად გრძნობდა თავს. 14 ივნისს ვაჟა წმინდა ნინოს სახელობის ქარტულ ლაზარეთში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობა) გადაიყვანეს.
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში პოეტს მთა და მთის წყალი უნატრია. შიო მღვიმელმა და სანდრო რაზიკაშვილმა თხოვნა ნაწილობრივ შეუსრულეს. 27 ივლისის დილას პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ექიმსა და მოწყალების დას ემუსაიფებოდა. შუადღიდან კი ცუდად გახდა. რომელი საათიაო?-უკითხავს.-სამიო,-უპასუხეს. ვაჟას უთხოვია:თუ ღმერთი გწამთ, ლოგინი იატაკზე გამიშალეთ და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო...
საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით მოაბრუნეს. გულისცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ თავზარდამცემი ამბავი მთელ ქალაქს მოედო...

Saturday, November 12, 2011

ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტე -ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი- ეგვიპტური ცივილიზაცია ჩაისახა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მდინარე ნილოსის დაბლობში. თვლიან, რომ სახელწოდება "ეგვიპტე" მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან "აიგუიპტოს", რომელიც თავის მხრივ აღმოცენდა ქალაქ ხეტ-კაპტახის სახელწოდებიდან, რომელსაც მოგვიანებით ძველი ბერძნები მემფისს უწოდებდნენ.
თვით ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას "კემეტს" უწოდებდნენ, რაც შავ მიწას ნიშნავს ადგილობრივი ნიადაგის ფერის მიხედვით.
ძვ.წ. 5 000 წელს პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირთან. ეს ადამიანები გახდნენ პირველი ეგვიპტელები, რომლებმაც სათავე დაუდეს ამ უძველეს ცივილიზაციას.
ეგვიპტეში თავისი მოგზაურობის შესახებ ზუსტი ცნობები დაგვიტოვა სტრაბონმა თავისი „ გეოგრაფიის „ მე-17 წიგნში, სადაც იგი დაახლოებით 90-მდე ეგვიპტურ ქალაქს აღწერს. ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ქალაქ ჰელიოპოლისის ქურუმმა მანეთონმა პირველმა შემოიღო ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებად დაყოფის პრინციპი, რომელიც დღემდე თითქმის უცვლელად გამოიყენება.
ეგვიპტის ხელახალი აღმოჩენა ევროპის მიერ დაკავშირებულია ნაპოლეონის სახელთან , რომელიც 1798 წელს სამასზე მეტი გემისგან შემდგარი ფლოტილიით ეგვიპტის ნაპირებს მიადგა. მას თან ახლდა ვინმე დომენიკ ვივან დენონი , მის მიერ შეგროვებულ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა 24-ტომიანი წიგნი „ეგვიპტის აღწერა“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერებას - ეგვიპტოლოგიას.ამავე თარიღთანაა დაკავშირებული იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრა ფრანსუა შამპოლეონის მიერ 1822 წლის 27 სექტემბერს.
ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. იგი ღვთის შვილად მიიჩნეოდა და მის სამეფო ტიტულს ”რას შვილიც” ემატებოდა. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სისხლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.
ეგვიპტელთა რელიგიურ წარმოდგენებზე დაყრდნობით სრულდებოდა ფარაონთა მუმიფიცირების რიტუალი. ეგვიპტელთა აზრით, მიცვალებული ცხოვრებას აგრძელებდა სიკვდილის შემდეგ მკვდართა სავანეში ანუ ამიდოსში, სადაც აბსოლუტურად ისევე ცხოვრობდნენ, როგორც სააქაოში. ამიტომ, მისი იმქვეყნიური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, აუცილებელი იყო სხეულის კარგად შენახვა და საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაყოლება.
ძველი ეგვიპტის დედაქალაქის-მემფისის დასავლეთით, ნილოსიდან დაახლოებით ორი საათის მანძილზე, დედაქალაქსა და ე.წ. “მუმიათა ზეგანს” შუა ხოაქიტები და პარასქიტები ცხოვრობდნენ. ეს უკანასკნელნი ცხედრებს აბალზამირებდნენ.
მუმიის არსებობა გათვლილი იყო დაახლოებით ათას წელზე, ანუ იმ ვადაზე, რამდენ ხანსაც დედამიწაზე აჩრდილი „კა“ უნდა დარჩენილიყო.
ამჟამად აღმოჩენილი მუმიებიდან ყველაზე ძველია დედოფალ ხეტეფზხერესის მუმია, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მესამე ათასწლეულით. ყველაზე კარგად კი შესწავლილია ფარაონ ტუტანხამონის მუმია, რომლის ირგვლივ პოლემიკა დღემდე არ წყდება.
რელიგიურ წარმოდგენებს ედო საფუძვლად ასევე პირამიდების მშენებლობაც. ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის უმაღლესი პერიოდი III-IV დინასტიების ხანაა. ამ დროს ფარაონებისთვის ააგეს შვიდი განსასვენებელი, აქედან ორი დაუმთავრებელი დარჩა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხეოფსის (ხუფუ), ხეფრენის (ხაფრა) და მიკერინის (მენკაურა) პირამიდები.
გვიტემ დასაბამი დაუდო მსოფლიო მონუმენტური ქვის არქიტექტურას. ამასთანავე, საფუძველი ჩაუყარა სკულპტურულ პორტრეტს.


ეგვიპტის ხელოვნების მონაპოვარია კლასიკური არქიტექტურული ფორმები: პირამიდა, ობელისკი, სკეტი. არქიტექტურული დეკორის სხვადასხვა ელემენტი-მრგვალი ქანდაკება, რელიეფი, მონუმენტური ფერწერა.
ეგვიპტელებმა პირველებმა აითვისეს ქვის კონსტრუქციული და დეკორატიული შესაძლებლობები. ასევე პლასტიკური ხელოვნების ძირითადი საშუალებები: მოცულობა, მასა, სიბრტყე, ხაზი,სილუეტი, ფერი-ფერწერასა და რელიეფში.