Saturday, December 10, 2011

ლეონარდო და ვინჩი. შემოქმედება.საიდუმლო სერობა.

რენესანსული იტალიის ცენტრს ფლორენცია წარმოადგენდა,სადაც ყველაფერი ხელოვნებით სუნთქავდა. აქ თავს იყრიდნენ რენესანსის სახელმოხვეჭილი ოსტატები. ფლორენციის თავისებური მხატვრული ცენტრი იყო მოქანდაკის, ოქრომჭედლისა და ფერმწერის ანდრეა ვეროკიოს სახელოსნო.
სწორედ აქ, 1467 წელს, მოიყვანა თავისი 15 წლის ვაჟი ლეონარდო მპატარა ქალაქ ვინჩის მკვიდრმა, ნოტარიუსმა პიეტრო და ვინჩიმ. ლეონარდომ მყისვე მიიპყრო ყურადღება და შემთხვევითი არ იყო, რომ მას მიანდო ვეროკიომ ანგელოზის ფიგურის შესრულება თავის სურათზე "ნათლისღება". ლეონარდოს ოქროსთმიან ანგელოზში იმდენი კეთილშობილება და პოეტურობა გამოსჭვიოდა,რომ ყველასატვის ცხადი გახდა-მოსწავლემ აჯობა სახელმოხვეჭილ ოსტატს. გადმოცემით, ამის შემდეგ, შეგირდის მიერ დამარცხებულმა ვეროკიომ გადაწყვიტა თავი მიენებებინა ფერწერისათვის.
რელიგიის მიმართ სრულიად გულგრილი ლეონარდო რელიგიურ სიუჟეტებს იყენებს საბაბად ფორმალური ექსპერიმენტებისათვის, ახალი მხატვრული ამოცანის გადასაწყვეტად.
მე-XV საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ოცდაათი წლის ლეონარდო ტოვებს ფლორენციას და დიდი ხნით მკვიდრდება მილანში.
ლეონარდო და ვინჩის მილანში მოღვაწეობის პერიოდი(1482-1499) არაჩვეულებრივად ნაყოფიერი იყო. იგი ბევრს მუშაობს ჰერცოგის კარზე და,ამავე დროს,ასრულებს უამრავ შეკვეთას.
წმინდა ფრანცისკოს ეკლესიისთვის მან შექმნა "მადონა მღვიმეში", სურათი, სადაც მისმა ფერწერულმა ნიჭმა სრულ სიმწიფეს მიაღწია. ამ სურათში ლეონარდომ სრულყო თავისი ბრწყინვალე ფერწერული ოსტატობა.
პირამიდულად აგებული ოთხფიგურიანი ჯგუფი ურბილესი შუქ-ჩრდილით არის გაერთიანებული. ეს არის ლეონარდოს სახელგანთქმული-"სფუმატო"(იტალ-რბილი,ბუნდოვანი), რომელიც მისი ფერწერის მთავარ საშუალებად იქცევა. შუქ-ჩრდილი მის სურათებში არა მარტო ძერწავს ფორმებს, არამედ ქმნის ფიგურათა გარშემო ჰაეროვანი სივრცის ილუზიას.
ამ დროს მიიღო ლეონარდომ ახალი შეკვეთა დომინიკელი ბერთაგან. ისინი სთხოვდნენ მხატვარს შეესრულებინა "საიდუმლო სერობის" დიდი ფრესკა სანტა მარია დელე გრაციეს მონასტრის სატრაპეზოში. გუტურ სტილში აგებული ეს მონასტერი ლოდოვიკო მარომ განაახლებინა სახელგანთქმულ ხუროთმოძღვარს-ბრამანტეს (1492),დაიწყო სატრაპეზოს ინტერიერის გარდაქმნა.
1495 წელს ლომბარდიელმა მხატვარმა ჯოვანი დონატო მონტორფანომ სატრაპეზოს ერთ კედელზე შეასრულა "ჯვარცმის" დიდი ფრესკული კომპოზიცია.ამავე წელს შეუდგა ლეონარდო სატრაპეზოს მეორე კედელზე "საიდუმლო სერობის" მოხატვას. ეს სამუშაო 1498 წელს დამთავრდა.
ნამდვილი ფრესკული მხატვრობა სრულდებოდა წყალში გახსნილი სარებავებით სველ ბათქაშზე.ლეონარდომ კი ახლებური ხერხი იხმარა, გამოიყენა ტემპერისა და ზეთის საღებავების ნარევი, ზეთის საღებავების გამოყენება ფერის მეტი ნაირგვარობის მიღწევის საშუალებას იძლეოდა,მაგრამ მხატვარმა ვერ გაითვალისწინა ტექნიკური სიახლის მომავალი შედეგები.
ფრესკის დამთავრებიდან ათეული წელიც კი არ იყო გასული, რომ "საიდუმლო სერობის" საღებავმა დაშლა დაიწყო. XVII ს-ში სატრაპეზოს იმ კედელში,რომელზეც შესრულებული იყო ეს დიდებული კომპოზიცია,გაჭრეს კარი,რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფერწერა. მხატვრობას აზიანებდა სატრაპეზოსთან არსებული სამზარეულოს ოხშივარიც. შემდეგში აქ თივის საწყობიც კი იყო მოთავსებული.ამას უნდა დაემატოს უხეირო რესტავრაციები,რომლებიც ხელს უწყობდა ფერადოვანი ფენის პირვანდელი სახის დაკარგვას.
მე-XX საუკუნემ საშინელი ლახვარი ჩასცა ლეონარდოს შედევრს.მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს სამონასტრო ეზოში აფეთქდა ყუმბარა, აფეთქების ტალღამ დაანგრია სატრაპეზოს კედლები,გამოანგრია კამარები.სასწაულებრივ გადარჩა კედელი,რომელზეც "საიდუმლო სერობა" იყო მოთავსებული.
სატრაპეზოსთვის შერჩეული ფრესკის სიუჟეტი სახარებიდან არის აღებული. "საიდუმლო სერობა“-ეს იყო იესო ქრისტეს უკანასკნელი ტრაპეზი თავის ერთგულ მოწაფეებთან,თორმეტ მოციქულთან ერთად.
სადღესასწაულო ტრაპეზის დროს,რომელიც მოეწყო ქრისტეს მიერ მითითებულ სახლში,ქრისტემ იწინასწარმეტყველა,რომ ერთ-ერთი მოწაფე გასცემს მას. ლეონარდომ გაითვალისწინა სატრაპეზოს არქიტექტურისა და ინტერიერის განათების თავისებურება. მხედველობაში მიიღება ისიც, რომ ფრესკის მოპირდაპირე მხარეს მონასტრის წინამძღვრის მაგიდა იდგა.
ლეონარდომ სცენა ააგო კედლის სიბრტყის პარალელურად. მაგიდის ზუსტი ჰორიზონტალი იმეორებდა სატრაპეზოს ინტერიერის მთავარ დამახასიათებელ დეტალებს.
„საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია კედლის მთელ სიგრძეს იკავებს და განლაგებულია იატაკიდან ორი მეტრის სიმაღლეზე.ფიგურები დიდი მაშტაბისაა, თითქმის ორჯერ მეტი ადამიანის ნატურალურ ზომასთან შედარებით. ასეთი მაშტაბების გამო ფრესკა გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლეონარდოს მთავარი ამოცანა იყო ზუსტად გადმოეცა ყოველი მონაწილის რეაქცია მასწავლებლის სიტყვებზე („ერთმან თქვენგანმან მიმცეს მე“).
ყოველი პერსონაჟი რთულ ფსიქოლოგიურ განწყობილებას ავლენს. მხატვარს გადმოცემული აქვს ხასიათებისა და ტემპერამენტის უნატიფესი ნიუანსები. ყოველი მოციქული მკაფიოდ გამოკვეთილი ინდივიდუალობაა, მათი ხელები მეტყველებენ,მათ დამახასიათებელ მოძრაობაში ყოველი ადამიანის სულის ანარეკლია.
ყველაზე ენერგიულად და უშუალოდ რეაგირებენ მასწავლებლის სიტყებზე ქრისტესგან მარცხნივ მჯდომი მოციქულები.ეს ყველაზე აღელვებული და ექსპრესიული სამეულია. ახალგაზრდა ფილიპე ზეწამოჭრილია და თითქოს ეკითხება მასწავლებელს: „ნუთუ ეს მე ვარ უფალო?“(მათეს სახარება.26.22).იაკობ უფროსი შეძრწუნებული გაწეულა და შეშფოთებულად გაუშლია ხელები, თომას ზეაღუმართავს ხელი და თითქოს გაგონილის გააზრებას ცდილობს.
სულ სხვაგვარია ქრისტესგან ხელმარჯვნივ განლაგებული ჯგუფი,რომელშიც მხატვარმა გააერთიანა ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე იოანე, პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი. ეს ჯგუფი საგანგებოდ არის გამოყოფილი,უფრო დაშორებულია ქრისტესაგან და ფიგურებიც უფრო თავშეკავებულნი არიან.მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, რადგან შინაგანი დაძაბულობა აქ ყველა ჯგუფზე მეტად არის კონცენტრირებული. შეშფოთებული იუდა უკან გადაიხარა, ხელი ხარბად ჩაავლო ღალატის საფასურით, ოცდაათი ვერცხლით სავსე ქისას,იგი ზურგით არის მობრუნებული სინათლის წყაროსკენ და მისი სახე ღრმა ჩრდილშია ჩამალული.
ლეონარდომ აქ განსაკუთრებული ოსატატობით გამოიყენა კონტრასტი იუდას მახინჯ,უხეშ პროფილსა და იოანეს ნათელ, მშვენიერ სახეს შორის.
ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე (1452-1519 წწ) ლეონარდომ არც ისე ბევრი ფერწერული ნაწარმოები შექმნა. მათი უდიდესი ნაწილი დაიღუპა.


წყარო:კიტა მაჩაბელი-''შედევრები და საუკუნეები''