1915 წლის გაზაფხულზე ვაჟა-ფშაველა სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა. ცოტა მოიკეთა და "სიტყვაკაზმული საზოგადოების" სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს.იმ საღამოზე დაფნის გვირგვინი მიართვეს მწერალს, რომელზეც ეწერა:"ქართული პოეზიის არწივს". ღონისძიების დასრულების შემდეგ, ვაჟას ორთაჭალის ბაღში კარგი სუფრა გაუშალეს...
მალე ისევ ლოგინად ჩაწვა.მარცხენა ფერდის არეში ტკივილი აწუხებდა. მას ცნობილი ექიმი და კრიტიკოსი-ივანე გომართელი მკურნალობდა. პოეტს პლევრიტი ჰქონდა. 5 ივნისს ვაჟას ოპერაცია გაუკეთეს და ფილტვიდან სითხე ამოუღეს. ოპერაციის შემდეგ თითქოს უკეთესად გრძნობდა თავს. 14 ივნისს ვაჟა წმინდა ნინოს სახელობის ქარტულ ლაზარეთში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობა) გადაიყვანეს.სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში პოეტს მთა და მთის წყალი უნატრია. შიო მღვიმელმა და სანდრო რაზიკაშვილმა თხოვნა ნაწილობრივ შეუსრულეს. 27 ივლისის დილას პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ექიმსა და მოწყალების დას ემუსაიფებოდა. შუადღიდან კი ცუდად გახდა. რომელი საათიაო?-უკითხავს.-სამიო,-უპასუხეს. ვაჟას უთხოვია:თუ ღმერთი გწამთ, ლოგინი იატაკზე გამიშალეთ და გარშემო ყვავილები დამაყარეთ, იქნებ მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო...საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით მოაბრუნეს. გულისცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ თავზარდამცემი ამბავი მთელ ქალაქს მოედო...
No comments:
Post a Comment